11 აგვ 2018 09:37 1112

დააპატიმრეს ქალი, რომელიც მეზობლებს 16 წელი ვერდის ოპერებს ასმენინებდა

სლოვაკეთის ქალაქ შტუროვოში ევა ნ. დააკავეს, რომლის სახლიდანაც თითქმის 16 წლის განმავლობაში ბოლო ხმაზე ჩართული ჯუზეპე ვერდის მუსიკა ისმოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეზობლები პლასიდო დომინგოს მიერ შესრულებულ არიას ოპერიდან "ტრავიატა" ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში, დილის 6-დან საღამოს 10 საათამდე ისმენდნენ. ქალს სამუშაოზე კონცენტრირებაში ხელს მათი ძაღლის ყეფა უშლიდა, რის გამოც მან შურისძიების ასეთი ფორმა შეარჩია.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ქალაქის მერის განკარგულებით, შტუროვოში მუსიკის ხმამაღლა მოსმენა აიკრძალა. ევას ორი წლითა და სამი თვით შურისძიებაზე უარის თქმა მოუწია. მან აკრძალვა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივრა კიდეც, თუმცა, მიმდინარე წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ რეგულაცია ძალაში დატოვა.

რამდენიმე თვის შემდეგ ევას სახლიდან ვერდის ნაწარმოების ხმა ისევ გაისმა. კანონდამრღვევი პოლიციამ დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ექვსი თვიდან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პოპმუსიკ.ჯე