12 ივლ 2018 20:04 994

საწყენია ზოგიერთი მეგრელისგან მეგრელების ცისფერსისხლიანობაზე საუბარი და აღმოსავლეთ ქართველების ნარევ სისხლზე სიტყვის გადაკვრა!

რას ნიშნავს უმაღლესი ხარისხის ქართველი? .. სხვა კუთხის შვილები უფრო დაბალი ხარისხის ქართველები არიან? ქართლელს რომ ეთქვა ეგ, მეგრელებს ხომ ძალიან ეწყინებოდათ, ჩვენ რა მეორე ხარისხის ქართველები ვართო? ხოდა ზუსტად ასეთივე საწყენია ზოგიერთი მეგრელისგან მეგრელების ცისფერსისხლიანობაზე საუბარი და აღმოსავლეთ ქართველების ნარევ სისხლზე სიტყვის გადაკვრა! ქართლელი თუ იტყვის მეგრელზე აგდებით- ეგ მთლად ქართველი არააო, მე უნდა წავწვდე და ენა ამოვაგლიჯო, მეგრელი თუ დაიწყებს საუბარს ქართლელების გენეტიკურ არასრულფასოვნებაზე იმას სხვა მეგრელივე უნდა აჩუმებდეს. ესაა ძმობა და სამშობლოს სიყვარული! ისე ეროვნება სისხლით და გენით კი არ განისაზღვრება, არამედ თვითშეგნებით და შეიძლება კაცი დიდი გვარის წარმომადგენელი იყოს და ქართველად არ ვარგოდეს, სომეხი შუშანიკი, არაბი აბო და სპარსი ევსტათი მცხეთელი კი სხვაზე უკეთესი ქართველი გახდეს იმ დროს როცა თავად ქართველნი ,,ირხეოდნენ ვითა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა.”

ნებისმიერი ერი მრავალეთნიკურია, არც მრავალენიანობაა გამონაკლისი (მაგალითად ფრანგი ერი და აქვიტანური ენა), ქართველი ერიც მრავალეთნიკურია და შეიქმნა იბერების, კოლხების და სვანების გაერთიანებით.

ეროვნება ერისადმი კუთვნილებაა და არა ეთნოსისადმი. საიდან მოიტანეთ, რომ ვინმე მეგრელებს გვარების გადაკეთებას სთხოვს ან მეგრული ენის დავიწყებას? პირიქით, მე ვამბობ, რომ ქართველი ერი სამენოვანი ერია და როგორც მეგრელებმა და სვანებმა იციან ქართული, ასევე დანარჩენმა ქართველებმა სკოლებში უნდა ისწავლონ სვანური და მეგრული, მაგრამ როცა ადამიანი აცხადებს რომ ეროვნებით მეგრელია და არა ქართველი, ის ერის მოღალატეა!

როცა ადამიანი ითხოვს მეგრული ენის გადარჩენას, მე მის გვერდით ვდგავარ და მოვითხოვ, რომ მეგრული და სვანური ისწავლებოდეს ბიუჯეტის ხარჯზე ყველა სკოლაში! მაგრამ როცა ადამიანი თხოვს მეგრულისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭებას, პირადობის მოწმობაში ეროვნების რეკვიზიტის აღდგენას და ეროვნებად მეგრელის ჩაწერას, ის იურიდიულ საფუძველს ქმნის სამეგრელოს ავტონომიის მოთხოვნისათვის და არის ერთიანი საქართველოს დაუძინებელი მტერი! სამეგრელოს და სვანეთის ავტონომია კი არ უნდა შეიქმნას, აჭარის დრომოჭმული ავტონომია უნდა გაუქმდეს! ახლა თქვენ ჩამოყალიდით, თუ ეროვნებით ქართველად მიიჩნევთ თავს მაშინ და ან ძმა ყოფილხართ ჩემი და თუ ეროვნებით მეგრელად-მაშინ მტერი! რას ნიშნავს, რატომ ვეხები დაჟინებით ამ საკითხს? ქართველი ვარ და იმიტომ!

იმავე დაჟინებით მოვითხოვ აჭარის ავტონომიის გაუქმებაზე აჭარაში პლებისციტის ჩატარებას, რადგან 2004 წელს 70 000 ხელმოწერა მოვაგროვე აჭარაში ამ მოთხოვნით! იმავე დაჟინებით ვაცხადებ, რომ სანამ პირში სული მიდგას, არ დავუშვებ მილიონობით სხვა ქართველთან ერთად არც რომელიმე ენისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭებას, არც ეროვნების რეკვიზიტის აღდგენას და იქ მეგრელის ან სვანის ჩაწერას და არც ავტონომიების შექმნით ქვეყნის დაქუცმაცებას! აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!” – წერს კობა დავითაშვილი.

marshalpress.ge