14 ივნ 2018 01:36 1897

,,ძალიან უიღბლო კაცი გამოდგა ბ-ნი კვირიკაშვილი”

ლევან ლორთქიფანიძე კვირიკაშვილის გადადგომაზე წერს:

,,პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გადადგა, "იუნისეფის" კვლევებზე ლაპარაკობდით ხომ? როგორ არ ერიდებათ, ადამიანებს თვალებში რომ უყურებენ და ასე უტიფრად ატყუებენ.

ძალიან უიღბლო კაცი გამოდგა ბ-ნი კვირიკაშვილი. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით გამოწვეულმა ყველა კრიზისმა მისი მმართველობის პერიოდში იფეთქა -  მღელვარება უნივერსიტეტში, ტყეების ხანძარი, გასული ორი გაზაფხულის განმავლობაში მუშათა ორი ჯგუფური დაღუპვა მინდელის შახტაში, მუხთარლის გატაცება, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის ტრაგედიები, ლარის სასტიკი გაუფასურება, ენმ-ის კონტროლირებადი ტელევიზიის საქმე, გაუთავებელი ძიძგილაობა საპატრიარქოში, სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 2018 მაის-ივნისის მოვლენები, მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის საქმეები ... ვერც ერთ ჩამოთვლილ შემთხვევაში მან პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოახერხა, ზოგიერთი პრობლემა გადაავადა, ზოგიერთი დღემდე გადახსნილი ჭრილობასავით აწუხებს საზოგადოებას.

გიორგი კვირიკაშვილი დაგვამახსოვრდება ასოცირების ხელშეკრულებისა და უვიზო მიმოსვლის ამოქმედების გამო ... 

არასდროს დამავიწყდება ჩვენი შეხვედრების დროს მის მიერ გამოვლენილი უმაღლესი ეთიკური და ადამიანური სტანდარტი... 

ამასთანავე, ათასი წელი ვერ ვაპატიებ განათლების მინისტრად იმ საზიზღრობის დანიშვნას, რომელიც შემდეგ თავად მოისროლა ...

პრემიერ-მინისტრები შეიცვლებიან და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მთავარი პირი ყოველთვის მოიგებს დროს ... ჯერ გვეტყვის "ახალი ცოცხი უკეთ გვისო",   გაცვდება და მორიგს მოიყვანს. ყველაფერი ყოველთვის გაცვეთილ, მოძველებულ ჩამქვრალ ვარსკვლავს დაბრალდება.

პრემიერ-მინისტრი წავიდა, ახალი პრემიერ-მინისტრის ცივსისხლიანობის გეშინოდეთ !!!

ბრძოლა სოციალური სამართლიანობის (ბანკების, შრომის, უმუშევრობის, სიღარიბის პრობლემების დაძლევა), ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და უკეთესი განათლების სისტემისთვის კიდევ უფრო გართულდება.

მერე რა ... მაინც  NO PASARAN!”