17 აპრ 2018 03:27 453

„ადამიანს რომ თვალებში ჩახედავ, გაიგებ, როგორ ყვება ჩადენილ დანაშაულს, მეტ ინფორმაციას გაძლევს“

ადამიანს რომ თვალებში ჩახედავ, მის ქცევას ნახავ, გაიგებ, როგორ ყვება ჩადენილ დანაშაულს, ყვება, რა გარემოებები და განცდა აქვს, ეს უფრო მეტ ინფორმაციას გაძლევს, ვიდრე თეთრ ფურცელზე მშრალად დაწერილი განცხადება, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

კახა კახიშვილის თქმით, უკვე მესამე წელია, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია მსჯავრდებულთა ზეპირი მოსმენის პრაქტიკაზე გადავიდა და სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება.

„შარშან 700 ზეპირი მოსმენა გვქონდა. როცა მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს, კომისიის წინაშე წარდგება, რომელშიც ჩვენი თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები შედიან. ისინი მსჯავრდებულთანინტერვიუს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით ატარებენ, რომელიც შესაძლოა, მის გათავისუფლება-არგათავისუფლებას საფუძვლად დაედოს“, – განაცხადა კახიშვილმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ხშირად ითხოვს შეწყალების კომისია სასჯელაღსრულებიდან ამა თუ იმ მსჯავრდებულზე გადაწყვეტილებას, კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალების კომისია კონკრეტულად პირადი საქმის მასალებიდან იმ ამონარიდებს ითხოვს, რომელიც სასჯელთან, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მოქცევასთან და ფსიქოლოგთან ინტერვიუს საკითხებთანაა დაკავშირებული.

„ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ზეპირ მოსმენებს შეწყალების კომისიაც დანერგავს. მზად ვარ, პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას შევხვდე, რათა ეს საკითხები უფრო მეტად დავხვეწოთ, რადგან შეცდომა იქნება, შეწყალებაზე, პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი თქვა. მსჯავრდებულსაუცილებლად უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თუ ის დანაშაულს აღიარებს და დანაშაულის კვლავ ჩადენის გარემოებები გამოირიცხება, შესაძლებელია, ის გათავისუფლდეს, ან მის მიმართ რამე ტიპის შეღავათი იქნას გამოყენებული. მეორე მხრივ, უნდა იყოს ისეთი მექანიზმები, რომელიც პროცენტულობით, მეტ-ნაკლებად მეტ გარანტიას მოგცემს, რომ ეს ადამიანი თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში დანაშაულს კვლავ არ ჩაიდენს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

1TV.GE