16 აპრ 2018 21:01 913

„ჩვენ იმისთვის არ დავხოცილვართ, რომ იდიოტებმა ,,იგულაოთ“!

რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„როცა ვერ ვახერხებ, ამა თუ იმ მოვლენის, ან პიროვნების საქციელის გამართლებას, ვცდილობ, ახსნა მაინც მოვუძებნო ხოლმე.

თავიდანვე ასე ვუყურებდი ამ საკითხს: ხელისუფლებას კიდეც რომ ჰქონოდა სურვილი, სააკაშვილის ლობი მამაჩემისა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობების გახსნას არ დაგვანებებდა. 
რატომ?
დააკვირდით - ყველა გახმაურებული მკვლელობა, რასაკვირველია, პირდაპირ მიდის სააკაშვილთან, მაგრამ, ძირითადად, იქ მას მკვლელებისთვის ხელის დაფარება და ა.შ. ბრალდება. საუბედუროდ, ზოგგან, ისიც არ ბრალდება. 
გურამ შარაძისა და ზურაბ ჟვანიას პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი მკვლელობები - ეს ის შემთხვევებია, რომდესაც შემკვეთი პირდაპირ სააკაშვილია, არც მეტი, არც ნაკლები! იმის ზემოთ, ვის ეწყინა და ვის გაეხარდა, ეს კიდევ სხვა ამბავია. ანუ ამ საკითხში ხელისუფლების, რბილად რომ ვთქვათ, პასიურობას არ ვამართლებ, მაგრამ ახსნას ვპოულობ - „ძალა აღმართს ხნავს“ და როცა აღმართშიც გხნავენ, რთულზე რთულია, რაც უნდა გული გერჩოდეს.

აი, იცით რა არ მესმის? - მკვლელი, მანიაკი, სადისტი, დათა ახალაის „შნირი“ და მისი კუდის უფროსი ზაზა ლატარია არ დამიჩაგროთ და პოლიციის უფროსად დამინიშნეთო, - ამასაც ვინმე, ზესახელმწიფოდან, ავალებს ჩვენს ხელისუფლებას?

დავწერე და ვიმეროებ - გურამ შარაძის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე ზაზა ლატარია დანიშნულია ფოთის პოლიციის უფროსად. თუ როგორ იბლოკება დღეს ინფორმაცია პრესაში, ეს მე მკითხეთ და ამაზე ცალკე დავწერ, უსათუოდ. 
კიდეც რომ არ იყოს დანიშნული, საერთოდ, ეს საკითხი რა ნამუსით უნდა დამდგარიყო? რა სინდისით? თუ მინისტრი გახარია თვალებში ჩამხედავს და იტყვის, რომ სპეციალურად, ზუგდიდში არ იყო ჩასული და საკითხი საერთოდ არ განხილულა, ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ეს არასდროს მოხდება, რადგან მართალი ვარ!

აი, ზოგი სიამოვნებით, ზოგი მონასავით, ზოგი ფეხებზემკიდიაობით და ზოგიც სულაც წარსულის ამოქექვის შიშით რომ ასრულებს დავალებას - არ გაიხსნას მამაჩემის მკვლელობის საქმე - ამას არ ვაპატიებ არავის!

ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ - გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში არის უამრავი მოწმე. მე ისინი სამ, ასე ვთქვათ, ჯგუფად დავყავი:
1. მოწმეები (ფეხით მოსიარულე და ისინი, ვინც ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ), რომლებიც უშუალოდ, მკვლელობის მომენტს შეესწრნენ და ნახეს მკვლელი, რომელიც გიორგი ბარათელი არ იყო; 
2. იცით, რომ მკვლელმა (ჩემი რღმა რწმენით, ერთ-ერთმა მკვლელმა) აირბინა ხალხით სავსე, მთელი შანიძის ქუჩა, რომლის მაცხოვრებლებმა, აგრეთვე, ფეხით მოსიარულეებმა და მათ, ვინც მანქანით გადაადგილდებოდა - ყველამ ნახა მკვლელი, რომელიც ბარათელი არ იყო;
3. ყველაზე მთავარი - ,,ოქროს“ მოწმეები თვითონ, ძალოვან უწყებებში არიან, ან იყვნენ, თან ძალიან ბევრნი! მათ აქვთ უტყუარი ინფორმაცია და ფლობენ მტკიცებულებებს.

გამოსავალი:

ჩემი სტრატეგია იყო და არის - არ აკეთებენ? უნდა გააკეთებინო! არც სააკაშვილი მიდიოდა, მაგრამ გაპანღურდა და მისი მფარველი ძალაც, იძულებული გახდა, ხმა ჩაეგდო და სტრატეგია შეეცვალა. 
რატომ? 
იმიტომ, რომ დაიდო უტყუარი ფაქტები - ციხის წამების! და განიარაღდა ყველა.

ასე დაიდება მამაჩემის მკვლელობის უტყუარი მტკიცებულებები და მაშინ, შინ და გარეთ, იძულებულები გახდებიან, სიმართლე აღიარონ.

არავის დასჯას არ ვითხოვ, მე მინდა, მხოლოდ და მხოლოდ, სიმართლე!

სასაცილოდაც არ მყოფნის, მაგრამ მომკლავენ, დამჭრიან, შავ პიარს ამიგორებენ, დამიჭერენ? - მაინც გადავრჩები და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან!

არავის დაავიწყდეს, ვის სისხლზეა მოსული! ჩვენ იმისთვის არ დავხოცილვართ, რომ იდიოტებმა ,,იგულაოთ“!