16 აპრ 2018 20:14 392

„ჩვენ ქვეყანა კი არა, გაუქმებული სალიანდაგო გზის ხავსმოდებული რკინიგზის სადგური ვართ“

მწერალი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მეათასედ ვიტყვი: ჩვენ „თავღია ქვეყანა“ ვართ, ვერ შევდექით სახელმწიფოდ, თორემ, ნებისმიერ ცივილურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, არ აპატიებენ პრეზიდენტს უგუნური ნაბიჯის გადადგმას - ისეთი მსჯავრდადებულის შეწყალებას (თანაც გასული საპატიმრო ვადის დარღვევითა და პატიებასთან შეუთავსებელი დახასიათებისა და ფსიქოლოგიური შესწავლის გარეშე) - რომელიც სასტიკ ბოროტმოქმედებას განახორციელებს წინამორბედ დაზარალებულზე და შურისძიების მიზნით ყელს გამოღადრავს მის ქალიშვილს, ორი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ სრულიად უდანაშაულო 25 წლის დედას.
პირდაპირ ვაცხადებ, ამ შემზარავი დანაშაულის ჩამდენის თანამოზიარეა მისი შემწყალებელი, მნიშვნელობა არ აქვს, შემწყალებელმა ასეთი შეცდომა გულუბრყვილოდ, ჰუმანურობით, ანგარებითა თუ ვიღაცის ხათრით ჩაიდინა, მან პასუხი უნდა აგოს საზოგადოებისა და მართლმსაჯულების წინაშე, ასეთი ქმედების სასტიკი რეციდივი არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩებოდა - სხვა თუ არაფერი, იმპიჩმენტს მაინც ვერ ასცდებოდა, მაგრამ, უბედურება ის არის, ჩვენ ქვეყანა კი არა, გაუქმებული სალიანდაგო გზის ხავსმოდებული რკინიგზის სადგური ვართ..“