16 აპრ 2018 17:56 370

„თაკოს ეძებო? შენი შვილი უკვე მიწაშიაო“

 

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა ნათია გაბოძე ტრაგედიის დღეს დეტალურად "აიპრესთან" იხსენებს.

"მე და ჩემი შვილი დაახლოებით 4 საათისთვის დავშორდით ერთმანეთს, ის ბავშვების წამოსაყვანად უნდა წასულიყო ბაღში, მე კი ვაშლიჯვარში გამგზავნეს განცხადების დასაწერად. იქიდან რომ მოვდიოდი, დავურეკე, გული ცუდს მიგრძნობდა, დილით კარი ვერ დავკეტეთ, ეტყობა წინა საღამოს მოვიდა ვეფხვო და გარედან გააფუჭა სპეციალურად.

თაკოს რომ ველაპარაკე მითხრა ეხლა უნდა ავიდე სახლში დედაო, ექვსი საათი ხდებოდა, მერე კიდევ დავურეკე, უნდა მეთქვა დამელოდე და ერთად ავიდეთ მეთქი, მაგრამ აღარ მიპასუხა, ბევრჯერ ვცადე დაკავშირება, ბოლოს მკვლელმა მიპასუხა, იცინოდა, თაკოს ეძებო? შენი შვილი უკვე მიწაშიაო. სახლში რომ მივედი მაშინვე არ მიგრძვნია ბენზინის სუნი, ყველგან სისხლის გუბეები იდგა, ჩემი შვილის სისხლის სუნი იყო ყველგან. მერე გაიხსენეს ბავშვებმა სახლში რომ შევედით ვეფხვო ძია წამალს ასხამდა ბოთლიდანო, დედამ კარებთან მისვლა მოახერხა, მაგრამ თმით მოქაჩა უკან და გარეთ არ გაუშვა ვინმესთვის რომ მოესწრო დაძახებაო. ამ არაკაცმა ბავშვბები საკუთარი დედის სისხლში ამომისვარა." - განაცხადა "აიპრესთან" გარდაცვლილის დედამ, ნათია გობაძემ.

ნათია გობაძის თქმით, ის 30 მარტს ვეფხია ბაქრაძესთან ერთად, იუსტიციის სახლშიც იმყოფებოდა. გობაძე აცხადებს, რომ მას ყოფილი მეუღლე სისტემატურად აშანტაჟებდა და იძულებული იყო, მისი მოთხოვნები შეესრულებინა.

"30 მარტს ჩამისვა მანქანაში, შიშით, ძალდატანებით, ფსიქიკური ზემოქმედებით მაიძულა ხელი მომეწერა მისთვის. ეს რომ არ გამეკეთებინა, ამით ვერ დავიცავდი ჩემ შვილებსა და ოჯახს. მინდოდა ამ ნაბიჯებით მშვიდად მომეგვარებინა პრობლემა.

თუ წინააღმდეგობას გამიწევ, გაგამწარებო, სულ მემუქრებოდა. ხელის მოწერაზე ამიტომ დავთანხმდი, იძულებული ვიყავი, მეტი გზა არ მქონდა.
რაც შეეხება შეწყალების თხოვნით მიმართვას, მისმა შვილმა ლიკამ წამიყვანა, რაღაც საბუთს მოვაწერე ხელი, ლიკა სოციალური შემწეობის მისაღებად საბუთებს აგროვებდა და მეგონა ამით დავეხმარებოდი.

ვეფხიამ ციხიდან დამირეკა, მე ვუთხარი ამ საბუთს მხოლოდ იმიტომ ვაწერ ხელს, რომ ლიკას დავეხმარო და არა შენს გამო მეთქი. კარგი მაშინ, ციხიდან რომ გამოვალ არც მე გაგითვალისწინებო, მუქარა შემისრულა და შვილი მომიკლა",- აცხადებს "აიპრესთან" ნათია გობაძე.