13 თებ 2018 22:20 1788

დოდო გუგეშაშვილს შვილის მკვლელთან, სავარაუდოდ, ქარვის ბიზნესი აკავშირებდა

დოდო გუგეშაშვილის ჩვენებიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ცნობილია, რომ დაკითხვის დროს დოდო გუგეშაშვილმა თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა, მას „ზურა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი მხედრიონის ყოფილ ლიდერს გასული წლის სექტემბერში დაუკავშირდა და ქარვის ერთობლივი ბიზნესის წამოწყება შესთავაზა. როგორც შეთანხმდნენ, გუგეშაშვილი ვინმე ზურას უკრაინიდან ქარვის თვლების შემოტანაში უნდა დახმარებოდა და ნაკეთობების რეალიზაციას თურქეტში ზურა უზრუნველყოფდა.

კურიერის ინფორმაციით, პირი, ვისი სახელითაც სავარაუდო დამნაშავე დოდო გუგეშაშვილს დაუკავშირდა, ვეტერანი მალხაზ თოფურიაა. ის გამოძიებამ უკვე დაკითხა.

თოფურია ადასტურებს, რომ პოლიციის განყოფილებაში მას სავარაუდოდ მკვლელის ფოტორობოტიც უჩვენეს, თუმცა, ვერავინ ამოიცნო.

ვეტერანთა საქმეების მაღალჩინოსანი ადასტურებს, რომ გუგეშაშვილსა და ვინმე ზურას შორის ერთობლივი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია გამოძიებასაც აქვს და ამ ვერსიაზე მუშაობს.

დოდო გუგეშაშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ ქარვის უკრაინაში შეძენასა და საქართველოში შემოტანაზე თადარიგის პოლკოვნიკს ვინმე ზურასთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, ძირითადად ნაქირავებ ბინაში. ორჯერ გუგეშაშვილი ზურამ კაფეშიც დაჰპატიჟა, სადაც მისი კუთვნილი ლურჯი ფერის ავტომობილით წაიყვანა. კურიერის ინფორმაციით, ახლა სამართალდამცველები კვების ობიექტის ჩანაწერების ამოღებაზე მუშაობენ.

საქმის ამ გარემოებებზე დაზარალებულის ადვოკატი ვერ საუბრობს. გელა ნიკოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ დამნაშავეს მხოლოდ გუგეშაშვილის ლიკვიდაცია სურდა.

rustavi2.ge