19 იან 2018 21:46 6037

«ივანიშვილისა და კალაძის ე.წ. ქველმოქმედებები და კეთილშობილება არის ფარსი!!!»

მესამე თვეა, კახა კალაძე თბილისის მერია. ამ დროის მანძილზე უკვე მოასწრო და რამდენჯერმე მოხვდა სხვადასხვა სკანდალის ეპიცენტრში. მერის გაგებით, მის წინამორბედს მხოლოდ პიარი აკლდა და პიარში თითქმის ყველაზე დიდ თანხას ხარჯავს, ხოლო მერის პოლიტიკური ოპონენტები კალაძეს, სწორედაც რომ ამ პიარს უწუნებენ და ხაზს უსვამენ, რომ მისი მთელი მოღვაწეობა მხოლოდ პიარზეა გათვლილი და თბილისელები სულაც არ ანაღვლებს.

ფუფუნებას მიჩვეულმა მერმა, ამჯერად მერიის მის ქვეშევრდომ ჩინოვნიკებზე ზრუნვა დაიწყო და კანონის სახელით მათაც უქმნის კარგი ცხოვრების პირობებს.

როგორც კალაძემ გასულ დღეებში გვითხრა, თბილისის მერიაში მაღალჩინოსნებს ხელფასი გაუორმაგდებათ, რითაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყება იქნებარომელმაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიღებული ცვლილების განხორციელება დაიწყო.

ხელფასებთან ერთად, სავარაუდოდ, ასევე, გაორმაგდება პრემია-დანამატების მოცულობაც. ახალი კანონი შესაძლებლობას იძლევა, დამატებით პრემია ან ფულადი ჯილდო უკვე გაზრდილ ხელფასზეც გაიცეს. დამატებითი ანაზღაურების შესახებ კი გადაწყვეტილებებს უშუალოდ თბილისის მერი კახა კალაძე მიიღებს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ახალ კანონს მთავრობის წევრები პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენებენ და მათი ყოველთვიური შემოსავალი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

ცნობისთვის, თბილისის ბიუჯეტის 11 პროცენტი, 82 მილიონ ლარზე მეტი, მხოლოდ ხელფასებზე იხარჯება.

როგორ აფასებენ ფინანსისტები კალაძის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას? როგორ და რაში იხარჯება თბილისის ბიუჯეტი?

«ალიას» ფინანსისტი გიორგი ჩახაია ესაუბრა:

 

- დასაწყისში რამდენიმე წინადადებით მინდა შევეხო კახა კალაძის მერად არჩევის საკითხს, რა თქმა უნდა, თუ ამას მერად არჩევა ეწოდება. მე პირადად უფრო მერად დანიშვნას დავარქმევდი. კაცმა სულ რაღაც 1.09%-ით გადალახა საარჩევნო ზღვარი იმისთვის, რომ მეორე ტური არ დანიშნულიყო და პირველივე ტურში გაემარჯვა. სულ რამდენიმე ათას ხმაზეა საუბარი, არჩევნებზე მისული 400 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხმიდან. ანუ ფაქტობრივად «ბეწვის ხიდზე» გაიარა. ჩემი მოსაზრებით, ეს რამდენიმე ათასი ხმა, ალბათ, გაყალბდა, რათა მეორე ტური არ გამართულიყო და ვინც ასე არ ფიქრობს და ამის არ სჯერა, მისი ნებაა და მისი უფლება. თუმცა, თუნდაც პირდაპირი მნიშვნელობით არც გაეყალბებინათ არჩევნები, ყველა ვარიანტში არალეგიტიმურია მისი მერად ყოფნა, ვინაიდან შედეგი დადეს ადმინისტრაციული რესურსის «მობილიზების» ხარჯზე და არა მოქალაქეთა თავისუფალი საარჩევნო ნების გამოხატვის შედეგად. მაქვს ნანახი სტუდია «მონიტორის» ჟურნალისტური გამოძიების ვიდეომასალა იმის თაობაზე, თბილისის საბავშვო ბაღებში როგორ ხდებოდა .. საარჩევნო სიების შედგენა და «უფროსობისთვის» წარდგენა. ეს ფაქტები, თავის მხრივ, სავარაუდოდ, შეიცავდა კიდეც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, გამოძიებაც უნდა მომხდარიყო და მე რა ინფორმაციაც მაქვს, არც კი აღძრულა საქმე ამ ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე.

აი, ასეთი «არჩეული» მერი ჰყავს თბილისს.

რაც შეეხება მერის პოსტზე მის რამდენიმეთვიან აქტივობას, მისი მხრიდან მე უფრო მეტი პიარი დავინახე, ვიდრე რეალური პრობლემების გადაწყვეტის რეალური მცდელობები. მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება და მოხატვა, «სიცოცხლით სავსე ქალაქში» წინასაახალწლო ღონისძიებები, თითქოსდა 19 «კომისიის» გაუქმება და .. ჩემი აზრით, უფრო მეტად პიარხასიათის იყო. თუ არა პიარი, რა შუაშია, დავუშვათ, ქალაქის მთავარ მოედანზე - თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ დიდი ასოებით მათი წინასაარჩევნო სლოგანის «სიცოცხლით სავსე ქალაქის» განთავსება?! პარტიული სლოგანი რა შუაშია ქალაქის მორთვა-მოკაზმვასთან?! გარდა ამისა, 19 კომისია გავაუქმეო. რა კომისია, რის კომისია, ჩამონათვალს რასაც გადავხედე, ძალიან ბევრი არის: სამუშაო ჯგუფები, მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების ინსპექტირების ჯგუფები და არა კომისიები. კომისიას რომ სამუშაო და მონიტორინგის ჯგუფებისგან ვერ ან მიზანმიმართულად არ არჩევს კაცი და განსაკუთრებით კატასტროფულია კი ის, რომ სახელმწიფო შესყიდვების ინსპექტირების ჯგუფისგან, ან მაგარი უმეცარია, ან მაგარი თაღლითი, და ცდილობს «დააბოლოს» მოსახლეობა. განსაკუთრებით მინდა, ყურადღება გავამახვილო ინსპექტირების ჯგუფზე. სახელმწიფო შესყიდვების ინსპექტირების ჯგუფი ნებისმიერი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას შესაძლოა, შეიქმნას, იმ დროსაც კი, საწერი კალამი რომ შეიძინოს ორგანიზაციამ საკუთარი სარგებლობისთვის. ასეთი ჯგუფები არის დროებითი ჯგუფები კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად, და არა რამე მუდმივმოქმედი კომისიები. მოსახლეობის გარკვეულმა მოცულობითმა ნაწილმა კი ისე აღიქვა, თითქოს რამე ისეთი კომისიები გააუქმა, რომლებიც ცალკე იყო შექმნილი თავისი აპარატებით, საშტატო განრიგით და .. ასეთი კომისიები და მით უმეტეს სტრუქტურის შიგნით შექმნილი ჯგუფები, მეტწილად მოქმედი თანამშრომლებისგან კომპლექტდება და, არა რამე ცალკე საშტატო განრიგებია მათთვის გამოყოფილი. უმეტესწილად ასეა. 19 «კომისიის» გაუქმების თაობაზე მისი ეს განაცხადიც პოპულიზმი იყო, ჩემი აზრით, ან აბსოლუტური უცოდინრობის ბრალი.

- კალაძის მიერ საბიუჯეტო სახსრების განკარგვა რამდენად სწორად ხდება? ნარმანიას უწუნებდნენ, ბიუჯეტს არარაციონალურად ხარჯავსო. კალაძის შემთხვევაში როგორ ხდება?

- ჯერ სულ რამდენიმე თვეა გასული და ვერ შევადარებ მის წინამორბედს, თუ რას, როგორ და რამდენად რაციონალურად თუ არარაციონალურად ხარჯავს. თუმცა რამდენიმე მაგალითის საფუძველზე მკითხველი უკეთესად მიხვდება, რამდენად მიზნობრივი ან რაციონალურია ამ რამდენიმე თვეში თბილისის მერიის მიერ გახარჯული და მომავალში დასახარჯი თანხები.

პირველ რიგში, შევეხები ყველაზე მწვავე სოციალურ საკითხს. თბილისის მერიის გამგეობებმა ჩაატარეს ტენდერები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის .. უფასო სასადილოთი მომსახურების თაობაზე. სოციალურად დაუცველებს სთავაზობენ მენიუს, რომელსაც პურის ღირებულება რომ გამოვაკლოთ, ასე დაახლოებით 90-თეთრიანი .. კერძებს პლუს .. დესერტი გამოდის. 90 თეთრზე ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ ცოტა ნაკლებიც კი. საკვებ პროდუქტებზე მიმდინარე ფასებით, ამ თანხად ღორსაც კი ვერ მოუმზადებ კაცი ნორმალურ სალაფავს, არათუ ადამიანს .. კერძებს და .. დესერტს, მაგრამ ამათ სოციალურად დაუცველები და, ზოგადად, რიგითი მოქალაქეები, ეტყობა, მართლა ღორებად მიაჩნიათ და არა ადამიანებად. აი, ამიტომ ვწერდი და დღესაც იგივეს ვფიქრობ, რომ ივანიშვილის, კალაძისა და .. .. ქველმოქმედებები და კეთილშობილება არის ფარსი. საკუთარი ჯიბიდან თანხების გაღებას ვინ ითხოვს, ბიუჯეტის - ჩემი, თქვენი და თითოეული ჩვენგანის ფულიდანაც კი ვერ იმეტებენ თანხებს, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანები მაინც შეძლებისდაგვარად ნორმალურად გამოკვებონ. მის ადგილას ღორსაც კი არ ვაკადრებდი ასეთ რამეს, არათუ საკუთარ რიგით სოციალურად დაუცველ, გაღატაკებულ, გაუბედურებულ, დაბეჩავებულ თანამოქალაქეებს.

და ეს იმის პარალელურად ხდება, როდესაც თბილისის ბიუჯეტიდან დიდი თანხები გაიხარჯა სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებებისთვის. საახალწლო ღონისძიებები, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ქალაქში, მაგრამ ყველაფერს აქვს საკუთარი ფორმა, ზომა, წონა და მიდგომები. აი, უბრალოდ მკითხველს შევეკითხები: დავუშვათ თბილისის მერიის საახალწლო მილოცვის ვიდეორგოლის დამზადება (ხაზს ვუსვამ - მხოლოდ გადაღება-დამზადება) თურმე 115 ათას ლარზე მეტი დაჯდა. საინტერესოა 115 ათას ლარიანი რა ვიდეო გადაიღეს ასეთი და რა დაამონტაჟეს, როდესაც ამ ვიდეოს ქრონომეტრაჟი არის მხოლოდ 40 წამი. როგორ შეიძლება რომ ჭკუათმყოფელმა კაცმა, ამ მძიმე სოციალურ ფონზე, 115 ათასი ლარი გადაიხადოს 40-წამიანი საახალწლო მისალოცი ვიდეორგოლის მხოლოდ გადაღება-დამზადებაში. კიდევ მესმის ამ ვიდეორგოლის ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში ჩვენებისა და განთავსების ღირებულებაც რომ ამ თანხაში შედიოდეს. ოქროს კამერით იღებდნენ თუ რას აკეთებდნენ, ვერანაირად ვეღარ მივხვდი დღემდე. აი, ასე არარაციონალურად, უყაირათოდ ხარჯავს, ანუ ფლანგავს «სიცოცხლით სავსე» მერი საბიუჯეტო სახსრებს, რომელიც ჩემი, თქვენი და ნებისმიერი ჩვენგანის საერთო ფულია და, რეალურად კაციშვილი არ გვეკითხება, რა თანხები რა მიმართულებით და რა რაოდენობით უნდა დაიხარჯოს. აქ შესაძლოა, კორუფციული ფაქტიც იყოს, ან მინიმუმ საბიუჯეტო სახსრების უყაირათოდ ხარჯვა-ფლანგვას აქვს ადგილი. ეს რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე, უბრალოდ, მკითხველმა რომ თავად განსაზღვროს, როგორ და რაში იხარჯება თბილისის ბიუჯეტი, თორემ დარწმუნებული ვარ, ასეთ და ამაზე უარეს არაერთ შემთხვევასაც ექნება მომავალში ადგილი. ამ რამდენიმე თვეშიც კი გამოიკვეთა, როგორი მიდგომა აქვს კალაძეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიმართ.

ერთს დავამატებ - ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც კალაძის მხარდამჭერი იქნება თუ ზოგადად «ქართული ოცნების», ასევე მნიშვნელობა არ აქვს თუნდაც სხვა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, პრეტენზია მუდამ მექნება თუ ადამიანი ფანატიკურად არის განწყობილი იმ პიროვნების ან ძალის მიმართ, რომელიც რეალურად ხალხზე არ ზრუნავს, და ზრუნავს საკუთარი ან საკუთარი გარემოცვის კეთილდღეობასა და ინტერესებზე. თუნდაც ხალხზე რეალურად მზრუნველი ხელისუფლება გვყავდეს, ფანატიზმი არც ერთ შემთხვევაში არ არის მისაღები, მოწონება სხვაა და ფანატიზმი კიდევ სხვა, მაგრამ ხელისუფლება ან ნებისმიერი მისი წარმომადგენელი, რომელიც სათანადოდ არ ზრუნავს მოსახლეობაზე და უკაცრავად და, სულ ცალ ფეხზე კიდია ადამიანების უმრავლესობა, აი, ასეთ ხელისუფლებას ან ამ პიროვნებას რომ აღმერთებ, ან სრულ ჭკუაზე ვერ ხარ, ან კიდევ რაღაც მატერიალური სარგებელი გაქვს მათგან და სხვა როგორ და რა ყოფაში ცხოვრობს, აბსოლუტურად არ გაინტერესებს.

კონკრეტულად კალაძის მხარდამჭერებზე მკითხეთ და, ამით დავასრულებ კიდეც, ნორმალური აზროვნების ან გულის ადამიანს როგორ უნდა მოგწონდეს ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი კახა კალაძე, კაცი, რომელიც 40-წამიან მისალოც ვიდეოში ბიუჯეტიდან ხარჯავს 115 ათას ლარს, და ეს იმის პარალელურად, როდესაც იმავე ბიუჯეტიდან სოციალურ დაუცველ მოსახლეობას კვებავს, სულ რაღაც, ლარი და 18-თეთრიანი .. სადილით, ზოგჯერ ის ლარი და 18 თეთრიც კი რომ არ იხარჯება მათთვის. 1 პური + 2 ..კერძი + .. დესერტი, ნებისმიერმა მოკვდავმა ამიხსნას, საკვებ პროდუქტებზე ინფლაციის პირობებში როგორ შეიძლება, რომ ჩაატიო 1 ლარსა და 18  თეთრში?!. აი, ასეთ .. სადილებს სთავაზობს ბატონი კალაძე სოციალურად დაუცველებს, მაგას თუ სადილი ეწოდება, მაგრამ, ეტყობა, ამათ სოციალურად დაუცველები და ზოგადად რიგითი მოქალაქეები ადამიანებად არ მიაჩნიათ. მთავარია, თვითონ იყვნენ კარგად და, თვითონ კარგად გამოძღნენ ბიუჯეტის ხარჯზე. ახლა ვიღაც იტყვის, კალაძეს თვითონაც აქვს ფული და ისედაც გამოძღებაო და, თვითონ პიროვნება არ ვიცი, რომელ რესტორანში და რა დოზით გამოძღება და რამდენს გადაიხდის და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, მაგრამ მე მაინტერესებს, რამდენად რაციონალურად და მიზნობრივად დახარჯავს ბიუჯეტის (ჩემი, თქვენი და თითოეული ჩვენგანის) ფულს. აი, ეს აუცილებლად მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა თქვენგანსაც.

 

 

დიანა ლიპარტელიანი