19 იან 2018 20:44 2072

სკანდალური ფაქტები ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სალარიძის საქმეში!

გუშინ  «სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის» ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე ფარდული, სადაც ტრაგედია მოხდა, დაანგრიეს. ამ ინფორმაციამდე ზვიად კუპრავამ, რომელიც მოკლული დავით სალარიძის ოჯახის ახლობელია, „ალიას“ მნიშვნელოვანი დეტალები უამბო:

  

- როგორც ვიცი, რამდენიმე კვირის წინ, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის ირგვლივ, რა დროსაც ორი მოზარდი მოკლეს, საინტერესო ინფორმაციებს ფლობთ. ერთ-ერთ წინა ინტერვიუში მითხარით კიდეც, რომ გარდაცვლილი მოზარდის დავით სალარიძის ოჯახთან ახლო ურთიერთობა გაქვთ.

- დიახ. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ საქმეში, გარდაცვლილი მოზარდების გარდა, არიან დაჭრილი პირებიც. ასევე, მინდა გითხრათ, რომ სარალიძის მშობელს საქმის მასალებს არ აცნობენ, მიუხედავად იმისა, რომ ის დაზარალებულად არის ცნობილი. გამოძიებას არ აქვს ასე მოქცევის უფლება და უახლოესი დღეების განმავლობაში ამაზე ბრიფინგის გაკეთებასაც ვგეგმავდით. იმედია, ჩემი ფიზიკური დაზიანებების გამო, ამას არ გადავდებთ და მაინც ჩავატარებთ. სარალიძის მშობელს თუ არ აძლევენ საქმის მასალებს იმ მოტივით, რომ საქმე გრიფირებულია და არაა საჯარო, მაშინ გამოძიებამ, ამ შემთხვევაში, გაუთქმელობაზე უნდა მოაწერინოს მას ხელი და ამ პირობით გადასცეს. არაერთხელ მივმართეთ მე და გარდაცვლილი მოზარდის მამამ გამოძიებას, მათ შორის წერილობით, ზეპირსიტყვიერად, ტელეფონზეც ვესაუბრეთ გამომძიებელს, პროკურორს, მაგრამ საქმის მასალებს დღემდე არ იძლევიან.

- რატომ? ხომ არ ფიქრობთ, რომ რამეს მალავენ?

- დიახ, ზუსტად მაგაშია საქმე, რომ რაღაცას მალავენ. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვიცით, რა ხდება საქმეზე - ვიცით, რომ მოწმეთა დაკითხვებით, საქმეში იკვეთება, რომ არიან დაჭრილებიც. ასევე, არიან ჩხუბში მონაწილე არასრუწლოვანი პირები, რომლებიც იძლევიან ჩვენებას, რომ ისინი თურმე უბრალოდ შორიდან უყურებდნენ ამ ჩხუბს, თორემ ჩხუბში არ ჩარეულან - ამ ჩვენებებს იძლევიან დაჭრილი არასრულწლოვნები! აქ ლოგიკურად ისმება კითხვა - თუ ჩხუბში არ მიუღიათ მონაწილეობა და შორიდან უყურებდნენ ყველაფერს, მაშინ როგორ მიიღეს ჭრილობები, ხომ? ერთი სიტყვით, გამოძიების მიმართ ბევრი პრეტენზიაა დაგროვილი და ჩვენ ამ პრეტენზიებზე უახლოეს პერიოდში ვაპირებთ ხმამაღლა საუბარს.

- თუკი საქმის მასალებში იკვეთება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარის დროს, სხვა არასრულწლოვნებიც არიან დაჭრილები - ამ კუთხით თუ არის საქმე აღძრული?

- მე ვერ ვხედავ, რომ ამ დაჭრების ფაქტზე გამოძიება ყურადღებას ამახვილებდეს, ამაზე ცალკე გამოძიება ხომ უნდა იყოს? შეიძლება გამოძიებას ფორმალურად კი აქვს ამ დაჭრებზე საქმე აღძრული, მაგრამ საზოგადოებამ ამის შესახებ არ იცის და ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ გავრცელებულა. გამოძიება უნდა იყოს დეტალური და საზოგადოებას ის ინფორმაციები უნდა მიაწოდონ, რომელიც მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს. ამავდროულად, ცხადია, ოჯახმა უნდა იცოდეს ყველაფერი. რაც ახლა ჩვენ ვიცით, ეს ინფორმაციები ჩვენი წყაროებიდან მოვიპოვეთ.

- თუ იცით, დაჭრილი არასრულწლოვნები რომელ «მხარეს» წარმოადგენენ - გარდაცვლილების მეგობრების თუ მათთან დაპირისპირებული მოზარდების?

- ორივე მხარეს არიან დაჭრილები. ამავდროულად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - გამოძიებას ოფიციალურ დადგენილებაში უწერია ასეთი რაღაც: როდესაც ერთ-ერთმა მოზარდმა თავის ნათესავს დაურეკა, მას შემდეგ პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან ჩამოვიდნენ ესა და ესო და 6-7 მოზარდის გვარია ჩამოთვლილი, რომლებსაც 51- სკოლასთან დახვდნენ ჩხუბში მონაწილე სხვა მე-11 კლასელებიო და ისევ გვარებია ჩამოთვლილი - სარალიძე, დადუნაშვილი, კიდევ რამდენიმე გვარი და ჩხუბში მონაწილე კიდევ სხვა 15 მოზარდიო. ამ შემთხვევაში, ჩვენ მზესუმზირის ქურდობაზე ხომ არ ვსაუბრობთ? გამოძიება ხომ რაღაც წვრილმან დანაშაულს არ ეხება? როდესაც ასეთ მძიმე დანაშაულზეა საუბარი, რამაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი ჰპოვა, გამოძიება «კიდევ სხვა 15 მოზარდის» ენით არ უნდა საუბრობდეს! როდესაც პოტენციურ დამნაშავეებს «და სხვების» სახელით მოიხსენიებენ, ეს ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს!

- ამ შემთხვევაში, ალბათ, მინიმუმ, ორი რამ შეიძლება ვივარაუდოთ: პირველი ის, რომ გამოძიება არასრულყოფილად მიმდინარეობს და მეორე ის, რომ ჩხუბში მონაწილე დანარჩენ მოზარდებს იმიტომ აფარებენ ხელს, რომ შესაძლოა, მათგან რამდენიმე მოზარდი «ვიღაცის» შვილები არიან.

- კი, ბატონო. გარდაცვლილი სალარიძის ოჯახს - და ამ შემთხვევაში, მე უფლებამოსილი ვარ, ოჯახის სახელით ვისაუბრო - აქვს ეჭვი, რომ «და სხვებში» მალავენ ვიღაც ისეთს, ვისი გამოჩენაც საქმეში არ უნდათ.

- გამოძიება ამბობს, რომ დავით სარალიძეს სხეულზე 12 ჭრილობა აქვს მიყენებული. ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი, ეს კონკრეტული ჭრილობები ერთი დანით იყო მიყენებული, თუ სხვა დანაც ფიგურირებს?

- გამოძიებას ასეთი რამე უწერია, რომ საქმეში ფიგურირებდა ორი დანა და ორივე დანა ამოღებულია. წერენ, რომ სარალიძეს ..- მიაყენა 12 ნაკვეთი ჭრილობა, რის გამოც მოზარდი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ანუ გამოძიება ამბობს, რომ დავითს 12-ვე ჭრილობა ..- მიაყენა ერთი და იგივე დანით. თუმცა პროკურატურას, გარდაცვლილი სარალიძის სხეულზე ექსპერტიზის დანიშვნის დროს, ექსპერტიზისთვის არ აქვს დასმული კითხვები - არის თუ არა აღნიშნული ჭრილობები ერთი და იგივე დანით მიყენებული? თუ ჭრილობები რამდენიმე დანით იყო მიყენებული? არადა, ეს არის ის საკვანძო კითხვები, რომელზე პასუხებიც აუცილებელია იმისთვის, რომ გავიგოთ, ნამდვილად ..- მიაყენა 12-ვე ჭრილობა დავით სალარიძეს თუ მას დანა სხვამ (ან სხვებმა) დაარტყეს? ადრეც გითხარით, დათო ფიზიკურად ძალიან ძლიერი, სპორტსმენი ბიჭი იყო - მისი სიმაღლე 196 სმ, წონა კი 130 კგ იყო. რატომ ვუსვამ ახლა ამას ხაზს: ვისზეც გამოძიება ამბობს, ანუ ..-ზე, რომ მან მიაყენა 12 ჭრილობა დათოს, ეს მოზარდი არის დაბალი, გამხდარი ბიჭი, რომლის წონა 40 კგ-ია. შესაბამისად, .. ფიზიკურად ვერ მიაყენებდა მსგავსი სახის ჭრილობებს დათოს, რადგან ფიზიკური მონაცემებით დათო მასზე გაცილებით ძლიერი იყომით უმეტეს იმ დროს, როდესაც დათოსთვის მიყენებული პირველი ჭრილობა არ იყო სასიკვდილო - ის თავდაპირველად ფეხში დაჭრეს. ეს ჭრილობა სწორედ ..- მიაყენა მას, რის შემდეგაც, ჩემი ინფორმაციით, ..- შეეშინდა, დანას ხელი გაუშვა და გვერდზე გაიწია.

- იგივეს აცხადებს ბრალდებული ..- ადვოკატი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანა მხოლოდ ერთხელ აქვს მოქნეული... გამოდის, გარდაცვლილი სარალიძის ოჯახი გამოძიების ოფიციალურ განცხადებას, რომ კონკრეტულად ..- დაარტყა მათ შვილს 12-ჯერ დანა - არ ენდობა?

- პირდაპირ გეტყვით, რომ არ ენდობა! მათ არ სჯერათ გამოძიების ამ ვერსიის, რომ დათოს 12-ვე დარტყმა ..- მიაყენა. მშობლები ითხოვენ, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს ადეკვატურად. ამ შემთხვევაში, ოჯახი ფიქრობს, რომ ..-სთან მიმართებაში გამოძიება არის ძალიან მკაცრი, რადგან მას «ეტენება» ის დანაშაული, რაც მას არ ჩაუდენია: ..- ედავებიან განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით - მართალია, მან დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ეს არ ყოფილა განსაკუთრებული სისასტიკით განზრახული მკვლელობა. მან შეიძლება მოახდინა დაჭრის ფაქტი, თუმცა ექსპერტიზა დაადგენს, რომელი დანით მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა დავით სარალიძე, შესაბამისად, სწორედ იმ დანის მომქნევი იქნება მკვლელობის ჩამდენი. სარალიძის ოჯახი ცალსახად ამბობს - კი, .. არის სავარაუდოდ დამნაშავე, მაგრამ არა იმ კვალიფიკაციით, რასაც მას პროკურატურა ედავება. .. თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, მაგრამ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უნდა, რომ ყველა იმ პირზე გადანაწილდეს სასჯელი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და არა ის, რომ ყველას დანაშაული ერთ მოზარდს «აკიდონ!

- დავით სარალიძის ოჯახს ხომ არ აქვს ვარაუდი, ან რაიმე ინფორმაცია, ..- გარდა, კიდევ რამდენი მოზარდი შეიძლება ფიგურირებდეს მათი შვილის დაჭრის ფაქტში, რასაც შემდეგში მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა?

- ოჯახი ამაზე კონკრეტულ ციფრს ვერ ასახელებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ მათ შვილს ერთი ადამიანი ვერ მიაყენებდა სასიკვდილო ჭრილობებს. თუ ის ვერსია ნამდვილია, რომ დათოს 12-ვე ჭრილობა ..- მიაყენა, მაშინ დაჭრის მომენტში დათო ვერ იქნებოდა თავისუფალ მდგომარეობაში - ასეთ შემთხვევაში ერთი ხელის მოქნევით მოისროდა ..- 3-4 მეტრის მანძილზე. ოჯახის პოზიცია ასეთია: თუ მხოლოდ ..- მიაყენა ჩვენს შვილს ამდენი ჭრილობა, მაშინ გამოდის, რომ დათოს სხვები აქეთ-იქიდან აკავებდნენ, რომ ..- მისთვის დანა ბევრჯერ დაერტყა. თუკი ეს ასეა და დათოს ვინმე აკავებდა, ამ შემთხვევაში ისინიც უკვე მკვლელობის თანამონაწილეები არიან. ოჯახს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ გამოძიება არ არის ადეკვატური, უბრალოდ, ერთი მხრივ, ველოდებოდით იმას, როდის დაამთავრებდა პროკურატურა ძიებას და საქმე როდის წავიდოდა სასამართლოში - არ გვინდოდა, პროკურატურას ეთქვა, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებებიდან გამომდინარე, ხელი შეგვეშალა საქმეშიო, ამიტომ სარალიძეების ოჯახი მკვეთრად არ ერეოდა. მეორე მხრივ, ელოდებოდნენ დათოს ორმოცის გასვლას - ორმოცი რამდენიმე დღის წინ იყო, შესაბამისად, აწი ამ საქმეზე უფრო მეტად გავაქტიურდებით!

 „ალია“, ნინო ლაბარტყავა