16 იან 2018 22:11 11131

როგორ შექმნეს მანგაძეებმა ეპოქა ქართულ უროლოგიაში - რას ნიშნავს, იყო საუკუნის ექიმის მემკვიდრე

 

აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი და წულუკიძის სახელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი კლინიკურ დარგში - ლაურ მანაგაძე ამ ინსტიტუტის სათავეებთან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დგას. დღეს მამა-შვილი, ლაურ და გიორგი მანაგაძეები, ცენტრის სხვა მაღალკვალიფიციურ კადრებთან ერთად ქვეყანაში უროლოგიის დარგში თავიანთ უპირატესობას ყოველდღიურად ამტკიცებენ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის განვითარების გზასა და წარმატების ფორმულაზე თავად გიორგი მანაგაძე გვესაუბრა.

 გიორგი მანაგაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი:

- ექიმების ოჯახში დავიბადე და არასდროს მიფიქრია, სხვა პროფესიაში მეცადა ბედი. მიყვარს ის საქმე, რასაც ვემსახურები და მეამაყება, რომ საქართველოში ყველაზე დიდი და ძველი კლინიკური და სამეცნიერო დაწესებულების ერთ-ერთი ხელმძღვანელის პოზიციას ვიკავებ. ჩემი მეუღლეც ექიმია, წლების მანძილზე წარმატებული რადიოლოგი გახლდათ, ახლა ასეთივე წარმატებითაა ჩართული ჩვენი ცენტრის მენეჯმენტში.

- ბატონო გიორგი, სად და როგორ მოხდა თქვენი როგორც პროფესიონალი უროლოგის ჩამოყალიბება?

- 90-იან წლებში, როცა ჩვენს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობა იყო, მე და ჩემი სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი განათლების მისაღებად ევროპაში გახლდით. ვისწავლე გერმანიასა და ავსტრიაში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩემი უროლოგად ჩამოყალიბება ძირითადად გერმანიაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება. უფრო მეტად განვითარება და დამოუკიდებლად ოპერაციების წარმოება უკვე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოხდა. პერიოდულობით ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად გვიწევდა და დღემდე გვიწევს საზღვარგარეთ წასვლა.

- ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი დღეს პაციენტების დიდი უმრავლესობისთვის მამათქვენის - ლაურ მანაგაძის სახელთან ასოცირდება...

- ალექსანდრე წულუკიძე გახლდათ ძალიან ძლიერი ქირურგი და უდიდესი მეცნიერი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ და არამხოლოდ ქართულ უროლოგიას. სწორედ მისმა პიროვნულმა ფაქტორმა ითამაშა დიდი როლი იმაში, რომ  საბჭოთა კავშირის სინამდვილეში უროლოგიის პირველი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი სწორედ თბილისში გაიხსნა და საკმაოდ დიდი დროის შუალედის შემდეგ კიევსა და მოსკოვში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს კლინიკაც, ისევე როგორც ყველა სხვა ჩვენს ქვეყანაში, კერძო საკუთრებაა და დღეს ჩვენი ცენტრი ბევრისთვის ლაურ მანაგაძის სახელთან ასოცირდება, ალექსანდრე წულუკიძის დამსახურებიდან გამომდინარე, ქართული უროლოგიისა და, ზოგადად, მედიცინის წინაშე, გადავწყვიტეთ, რომ მისი სახელი შეგვენარჩუნებინა ცენტრისთვის.

- რამდენად რთულია, იყო საუკუნის ექიმის, ლაურ მანაგაძის შვილი და მამათქვენის ავტორიტეტმა თუ შეუწყო ხელი თქვენს კარიერულ წინსვლას?

- ლაურ მანაგაძის შვილის სტატუსის ტარება ადვილი არ არის. მახსოვს სტუდენტობის პერიოდი, როცა ყველა განსაკუთრებით მადევნებდა თვალყურს და მამაჩემის სტატუსი და აღიარება ასმაგად მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებდა. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არ მესარგებლა მამაჩემის სახელითა და ავტორიტეტით, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ამას თავს ვერ ვარიდებდი. მამაჩემის სახელმა, რა თქმა უნდა, გარკვეული როლი ითამაშა ჩემს კარიერულ განვითარებაში, თუმცა, არც მას უყვარს თავისი კავშირებისა და მეგობრობის გამოყენება.

- ბევრი მიმართულებით უროლოგიის ცენტრი ნოვატორი იყო ჩვენს ქვეყანაში, რა ურთულესი ქირურგიული ჩარევები შეგიძლიათ გაიხსენოთ, რაც პირველად ამ ცენტრში ჩატარდა?

- ჩვენ არაერთი მიმართულებით ვიყავით ნოვატორები საქართველოში. მაგალითად, პირველად ჩვენთან გაკეთდა ტრანსფერიტორული ნეფრექტომია (თირკმლის ამოღება სიმსივნის დროს), რომელიც 8 საათს გრძელდებოდა. ეს იყოს 80-იან წლებში, ახლა ამ ოპერაციას არაგართულებულ მდგომარეობაში დაახლოებით საათ-ნახევარი სჭირდება. პიონერები ვიყავით ლაზერულ და ტრანსურეთრულ ქირურგიაშიც. მსოფლიო მასშტაბით მოიპოვა აღიარება ჩვენს ცენტრში ჩატარებულმა ხელოვნური შარდის ბუშტის ოპერაციამ, რაც უროლოგიის ბოლო დროის ყველაზე აღიარებულ სახელმძღვანელოშია შეტანილი, რომელიც დაახლოებით 12 ენაზე გამოიცა. გარდა ამისა, თავის დროზე ამ დარგში ჩვენს კლინიკას სახელმწიფო პრემია აქვს მიღებული.

- ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას მოიცავთ უროლოგიაში, რა გამონაკლისი არსებობს, რაც  ეროვნულ ცენტრში არ კეთდება?

- დღეს თუ მსოფლიოს მასშტაბით რაიმე ჩარევა კეთდება უროლოგიის მიმართულებით, ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს მოვიცავთ. ერთადერთი, რითიც შეიძლება ჩამოვრჩეთ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს, ეს გახლავთ რობოტული ქირურგია, ამაში მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს ხელშეწყობა, რადგან როგორც რობოტის, ისე ოპერაციისთვის სახარჯო მასალის ფასი იმდენად მაღალია, რომ .. რობოტული ქირურგია ბევრი განვითარებული ქვეყნისთვისაც ფუფუნებაა.

უდავოა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მედიცინის ფინანსირება გასულ წლებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც მოსახლეობის დიდი კატეგორიისთვის ხელმისაწვდომი გახდა მთელი რიგი სამედიცინო მომსახურებები. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, თუ გვინდა ახალი ტექნოლოგიების განვითარება, რაღაც წილად სახელმწიფო ფინანსურად უნდა დაუგდეს გვერდით იმ კლინიკებს, ვისაც აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პოტენციალი. ჩვენს ცენტრს ჰყავს არაჩვეულებრივი, მაღალკვალიფიციური გუნდი ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში და რობოტული ქირურგია ძალიან ახლოსაა ლაპაროსკოპიულ ქირურგიასთან. შესაბამისად, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს უკანასკნელი წარმატებით დავნერგოთ.

- რამდენად მაღალია პაციენტების მომართვიანობა უროლოგიის ეროვნულ ცენტრში?

- ჩვენს ცენტრში პაციენტთა მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. დღის განმავლობაში, საშუალოდ, 17-20 ოპერაციას ვაკეთებთ. ნდობის ფაქტორი ჩანს სამედიცინო ტურიზმიდანაც, პაციენტების დიდი ნაკადი ჩამოდის ჩვენთან აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. დიდი რაოდენობით პაციენტებს ვიღებთ ოკუპირებული რეგიონებიდანაც. მე ვფიქრობ, ამ მხრივ, მედიცინა გარკვეულ დიპლომატიურ როლს თამაშობს, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიდგომაც ამ მიმართულებით.

- როგორია უროლოგიური დაავადებების პრევენციის გზები?

-  2018 წელი საქართველოს უროლოგთა ასოციაციამ ურო-ონკოლოგის წლად გამოაცხადა. ჩვენი ცენტრი პერმანენტულად ახორციელებს უფასო გასინჯვებს, რაც მომავალში კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება. მამაკაცებში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია პროსტატის კიბო. სახელმწიფო უკვე დიდი ხანია, აფინანსებს პროსტატის კიბოს სკრინინგს და საბედნიეროდ, ჩვენს მოსახლეობას აქვს შანსი, პრევენციის მიზნით სრულიად უფასოდ ჩაიტაროს ეს კვლევა. სასურველია, რომ პროფილაქტიკური გასინჯვა წელიწადში ორჯერ მოხდეს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არანაირი ჩივილი არ აქვს პაციენტს, ამ დროს შესაძლებელია, ექიმებმა მართონ დაავადება და არა უკვე მოგვიანებით დაავადებამ მართოს პაციენტი.

ნინო მახარაძე